მაჰოუმსმა „კანზას სიტის“ „სუპერ ბოული“ მოუტანა

03 თებერვალი 2020

მისურის შტატი ამ მომენტს ზუსტად ნახევარი საუკუნე ელოდა.

მაიამიში გამართული 54–ე „სუპერ ბოულის“ გამარჯვებული „კანზას სიტი“ და მისი გენიალური კუოტერბეკი, პატრიკ მაჰოუმსი გახდნენ.

კარგი სტარტის მერე, როდესაც მისურელები პირველი მეოთხედის შემდეგ 7:3 იგებდნენ, ისტორიაში ხუთი „სუპერ ბოულის“ მომგებმა „სან ფრანცისკომ“, ტაიმი ფრემდე მიიყვანა.

მატჩის მეორე ნახევარი, რომელიც 45 წუთიანი შესვენების და ჯენიფერ ლოპესისა და შაკირას გამოსვლების შემდეგ განახლდა, „კანზასისთვის“ საშინლად დაიწყო. კალიფორნიელებმა ზედიზედ ათი ქულა აიღეს და მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე 20:10 წაიყვანეს.

ყველაფერს ისიც დაემატა, რომ კანზასელებმა, ერთ–ერთი უკანასკნელი შეტევის დროს, ჩელენჯი წააგეს, რის გამოც 15 იარდიანი მესამე დაუნის გამომუშავება დაჭირდათ. მაჰოუმსმა ტაირიკ ჰილი მოძებნა და 35 იარდიანი პასით მატჩის გარდამტეხი გადაცემა შეასრულა.

წელში გატეხილ კალიფორნიელებს, მეოთხე მეოთხედი „კანზას სიტიმ“ 21:0 მოუგო, საერთო ანგარიში კი 31:20 დაფიქსირდა.

მატჩის MVP სწორედ პატრიკ მაჰოუმსი გახდა 42–ში 26 ზუსტი პასით, 286 საპასე და 29 გამოტანილი იარდით, ასევე ორი დაკარგვით.

„სან ფრანცისკოს“ კუოტერბეკის, ჯიმი გაროპულოს ანგარიშზე 31–დან 20 ზუსტი პასი, 219 საპასე იარდი და მაჰოუმსივით ორი დაკარგვა იყო.

„კანზასის“ 65  წლის მწვრთნელისთვის, ენდი რიდისთვის, რომელიც NFL–ის ისტორიაში მოგებების რაოდენობით მეექვსე ადგილზეა, ეს 21 წლიან კარიერაში პირველი „სუპერ ბოული“ გახდა.

ასევე „კანზას სიტი“ პირველი გუნდი გახდა NFL–ის ისტორიაში, რომელმაც სამივე საპლეიოფო შეხვედრაში მინიმუმ ათქულიანი დეფიციტი აღმოფხვრა.

„კანზას სიტი ჩიფსმა“ 1970 წლის შემდეგ პირველი და თავის ისტორიაში სულ მეორე „სუპერ ბოული“ მოიგო.

ავტორი: დავით ახალაძე

მსგავსი სიახლეები

კომენტარები