საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემზე 4 მედალი მოიპოვა

18 ოქტომბერი 2021

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემზე 4 მედალი მოიპოვა. ტურნირი 16-17 ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა 45 ქვეყნის 281-მა წარმომადგენელმა მიიღო. 

საქართველოს ნაკრები ტურნირზე 5 სპორტსმენით გაემგზავრა, თუმცა ოლიმპიადის მოქმედმა ფინალისტმა, ვაჟა მარგველაშვილმა ტურნირზე ასპარეზობა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო.
მედალი ოთხივე ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა: - 57 კილოგრამში ბრინჯაოს მედალი ეთერ ლიპარტელიანის ანგარიშზეა. -81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში გასვლა მოახერხა ტატო გრიგალაშვილმა. ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი იაპონელ ტაკეში სასაკისთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. ბრინჯაოს შეწვდა -90 კილოგრამში გადასული ლუკა მაისურაძეც. მან კარგი ტურნირი ჩაატარა და მხოლოდ ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, კენტა ნაგასავასთან, მეოთხედფინალური დაპირისპირება დათმო.  -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ონისე სანებლიძემ. მან მედლისათვის ორთაბრძოლაში ფრანგი სედრიკ ოლივარი დაამარცხა.

ამრიგად, პარიზის გრანდ სლემზე მედლის მოპოვება ოთხივე ქართველმა მოახერხა. საქართველო მამაკაცთა შორის არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მე-5 ადგილზე გავიდა, საერთო ჩათვლაში კი ქართველები მე-7 პოზიციაზე იყვნენ.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები