თელ-ავივის გრანდ სლემი: მესამე დღის ფინალურ ბლოკში 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

19 თებერვალი 2022

თელ-ავივის გრანდ სლემის დასკვნითი, მე-3 დღის ფინალურ ბლოკში 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

-100 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ვიხილავთ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს - ილია სულამანიძეს. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ ეტაპზე ისრაელის წარმომაგენელი სტანისლავ ბანჩუკი დაამარცხა, მეოთხედფინალში - რუმინელი ედუარდ სერბანი, ნახევარფინალურ სტადიაზე კი აზერბაიჯანელი ზელიმ კოტსოიევი. ილიას მეტოქე ოქროს მედლისათვის ბრძოლაში ნიდერლანდელი მიხაელ კორელი იქნება.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლებს ონისე სანებლიძე. მან პირველ შეხვედრაში აშშ-ის წარმომადგენელ ელ ეი სმიტს იპონით სძლია. შემდეგ იყო მარცხი მომავალ ფინალისტ მიხაილ კორელთან. რეპეშაჟში ონისემ მონღოლი გონჩსურენ ბატხუიაგი დაამარცხა და ბრინჯაოსათვის ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მედლისათვის შეხვედრაში მისი მეტოქე აზერბაიჯანის წარმომადგენელი - ზელიმ კოტსოიევი იქნება.

მძიმე წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის მოქმედი ფინალისტი, გურამ თუშიშვილი. ქართველმა ძიუდოისტმა უზბეკი ბეხმუროდ ოლტიბოევის, მონღოლი მუნხჯარგალე ერედხუსა და ტაჯიკი თემურ რახიმოვის დამარცხება მოახერხა. ფინალში გურამს ტიტულოვანი ბრაზილიელი, რაფაელ სილვა დაუპირისპირდება.

ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლებს კიდევ ერთი ქართველი - ონისე ბუღძე. მან ნაადრევ ეტაპზე აზერბაიჯანის წარმომადგენელ უშანგი კოკაურს იპონით სძლია. მეოთხედფინალურ სტადიაზე კი მრავალი საერთაშორისო ტურნირის მედალოსანი - უკრაინელი იაკივ ხამოც იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში ონისემ ბრაზილიელ რაფაელ სილვასთან შეხვედრა დათმო და ბრინჯაოსათვის ბრძოლაში ჩაერთო. მედლისათვის შეხვედრაში ბუღაძის მეტოქე ავსტრიელი შტეფან ჰეგი იქნება. 

ფინალური ბლოკი 19:00-ზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Silk Sport 2-ის პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები