ეთერ ლიპარტელიანი თელ-ავივის გრანდ სლემის ფინალში იასაპარეზებს

17 თებერვალი 2022

ქართველი ძიუდოისტი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ეთერ ლიპარტელიანი თელ-ავივის გრანდ სლემის ფინალში იასპარეზებს.

-57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლიპარტელიანმა ტურნირზე 3 შეხვედრის მოგება მოახერხა. პირველ ბრძოლაში ეთერმა იტალიის წარმომადგენელ მაია ბოის სძლია. ლიპარტელიანის მოწინააღმდეგემ არასპორტული საქციელისათვის ჰანსოკუ-მაკე (დისკვალიფიკაცია) მიიღო, ეთერსკი სუფთა გამარჯვება ჩაეთვალა. მეთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ბრაზილიელ ტაიენ ლემოსს დამატებით დროში, ვაზარით სძლია. ნახევარფინალურ სტადიაზე ლიპარტელიანის მეტოქე ფრანგი ფაიზა მოკდარი გახლდათ. ეთერმა მეტოქე ბოლო წამებზე მოპოვებული ვაზარით დაამარცხა.

ოქროს მედლისათვის ბრძოლაში ეთერ ლიპარტელიანს კიდევ ერთი ფრანგი, ასტრიდ გნეტო დაუპირისპირდება.

თელ-ავივის გრანდ სლემის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Silk Sport HD 2-ის პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები