თელ-ავივის გრანდ სლემის პირველ დღეს 5 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

16 თებერვალი 2022

ხვალ, 17 თებერვალს, სტარტს აიღებს თელ-ავივის გრანდ სლემი. ტურნირში მონაწილეობას 34 ქვეყნის 298 წარმომადგენელი მიიღებს. შეჯიბრების პირველ დღეს ტატამიზე 5 ქართველი ძიუდოისტი გამოვა.

-60 კგ. წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძე და ირაკლი კუპატაძე იასპარეზებენ. საქართველოს ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული, თემურ ნოზაძე B ბადეშია განთესილი და პირველი წრიდან თავისუფალია. მეორე წრის შეხვედრაში მისი სავარაუდო მეტოქე ყაზახ ბაუირჟან ნარბაევსა და ისრაელის წარმომადგენელ ლიორ რაფაილოვს შორის გამარჯვებული იქნება.მის ბადეშია ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუაც.

ირაკლი კუპატაძე ტურნირზე ასპარეზობას უზბეკეთის წარმომადგენელ მიროჰიდ მაჰამადჯონოვის წინააღმდეგ დაიწყებს. ამ შეხევედრაში გამარჯვებულს კი უკრაინელი არტიომ ლესიუკი დაუპირისპირდება.  ირაკლის მსგავსად, D ბადეში იასპარეზებს ევროპის ჩემპიონი, ფრანცისკო გარიგოსი.

-66 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ნადირაძე იასპარეზებს. ქართველ ძიუდოისტს პირველსავე შეხვედრაში ურთულესი მეტოქე ჰყავს, მასპინძელთა ფავორიტი - ევროპის ჩემპიონი, ტალ ფლიკერი. 

-52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ ჯანაშვილი იასპარეზებს. მისი პირველი მოწინააღმდეგე კუბელი მელისა ურტადო მუნიოსი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ჯანაშვილი ოლიმპიური თამაშების პრიზიორს, იტალიელ ოდეტ ჯიუფრიდას დაუპირისპირდება.

-57 კგ. წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებს. ეთერი პირველ წრეში თავისუფალია, მეორე შეხვედრაში კი მისი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელ მაია ლეოპოლდსა და იტალიელ მირიამ ბოის შორის გამარჯვებული იქნება.

წინასწარი შეხვედრები 13:00-ზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი 19:00-ზე. ფინალურ ბლოკს Silk Sport HD 2-ის პირდაპირ ეთერში იხილავთ.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები