პარიზის გრანდ სლემის პირველ დღეს, საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა

05 თებერვალი 2022

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა პირველი საშეჯიბრო დღე პარიზის გრანდ სლემზე. დღეს პარიზულ ტატამიზე სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა და მედლის მოპოვება ყველა მათგანმა მოახერხა.

-60 კგ, წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა იასპარეზა. პირველ შეხვედრაში ჯაბამ განელ მეტოქეს მარტივად, იპონით მოუგო. მეოთხედფინალურ სტადიაზე პაპინაშვილი საფრანგეთის ნაკრების წარმომადგენელთან, ლუკა მხეიძესთან დამარცხდა. ჯაბამ მობილიზება შეზლო და რეპეშაჟის შეხვედრაში ბელგიელი იორე ვერსტრატენი დაამარცხა, ამ მოგებით ქართველმა მესამე ადგილისათვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. მედლისათვის შეხვედრაში ჯაბამ აზერბაიჯანელ ქარამათ ჰუსეინოვთან ვაზარით ჩამორჩენა იპონით აღმოფხვრა და კარიერაში პირველად მოიპოვა მედალი პარიზის გრანდ სლემზე.

-66 კგ, წონით კატეგორიაში ძალები ოლიმპიადის მოქმედმა ფინალისტმა, ვაჟა მარგველაშვილმა მოსინჯა. ქართველმა ძიუდოისტმა საწყისი ორი შეხვედრა მარტივად მოიგო. ანგოლელი პედროსა და ამერიკელი რამირესის დამარცხების შემდეგ, მარგველაშვილი ტურნირის მომავალ ჩემპიონს, ბასხუ იონდონპერენლეის დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დამარცხდა. ვაჟა მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ჩაერთო. მედლისათვის ორთაბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგი დაიკი ბუბა იპონით დაამარცხა.

-73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა იასპარეზა. ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და საწყის ეტაპზე ბრაზილიელ ჟულიო სეზარ კოდას მოუგო. შემდეგ მასპინძელი საფრანგეთის წარმომადგენელ ჟან-ბენჟამინ გაბას სძლია, ნახევარფინალში კი უზბეკეთის წარმომადგენელი, შახრან ახადოვი დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში შავდათუაშვილს მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი, იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო დაუპირისპირდა. დაძაბულ ბრძოლაში შავდათუაშვილმა აქტიურობის ხარჯზე, მეტოქის დისკვალიფიკაციის (ჰანსოკუ-მაკე) გამო მოიგო და კარიერაში პირველად დაეუფლა ოქროს მედალს პარიზის გრანდ სლემზე.

ამრიგად, ქართული დელეგაციის ანგარიშზე პირველი დღის შემდეგ 100 %-იანი შედეგია. სამი სპორტსმენი - სამი მედალი. ამ წუთისათვის საქართველოს ნაკრები მამაკაცთა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილს იკავებს.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები