სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ევროლიგის რეგულარული სეზონის მატჩი, რომელშიც მოსკოვის ''ცკა-მ'' ''მილანს'' უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, 67:57 დამარცხდა.
შეხვედრაში იასპარეზა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 26 წუთი დაჰყო, რა დროშიც 13 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
''ცსკა'' მატჩის მიმდინარეობისას სულ მდევრის როლში იყო. იტუდისის შეგირდებმა პირველი მეოთხედი 23:10 დათმეს. მეორე მეოთხედში მოსკოველებმა სხვაობის შემცირება შეძლეს და დიდ შესვენებაზე მხოლოდ 5-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.
მეორე ტაიმში ეტორე მესინას გუნდმა მოუმატა და დაცვის ხარჯზე ლიდერობა გაიმყარა. დასკვნითი მეოთხედის წინ, ''მილანი'' უკვე 9-ქულიან უპირატესობას ფლობდა, ამ სხვაობის შემცირება მოსკოველებმა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ, 10 ქულით დამარცხდნენ.
მოსკოვის ''ცსკა'' ამ მომენტისათვის ევროლიგის მე-7 ადგილზეა. იტუდისის გუნდს 20 მატჩის შემდეგ 12 მოგება და 8 მარცხი აქვს. რაც შეეხება ''მილანს'', იტალიელები 13 მოგებითა და 6 მარცხით მე-3 ადგილზე არიან.