მიუხედავად იმისა, რომ, ერლინგ ჰოლანდის თქმით, დორტმუნდის "ბორუსია" მასზე ზეწოლას ახდენს და გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს, გერმანელთა აღმასრულებელი დირექტორი, ჰანს-იოახიმ ვაცკე აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ვაცკე ARD-თან ინტერვიუში ამბობს:
"სიმართლე ისაა, რომ ჰოლანდის განცხადებით გაკვირვებულნი ვართ, რადგან მასთან არ გვისაუბრია. იმის თქმა, რომ "დორტმუნდი" ჰოლანდზე ზეწოლას ახდენს და მას გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს, საშინელებაა - არანაირი დედლაინი არ არსებობს".
21 წლის თავდამსხმელმა გასულ კვირას, "ფრაიბურგთან" 5-1 მოგებულ მატჩში შესრულებული დუბლის შემდეგ განაცხადა:
"ბორუსია" ჩემზე ზეწოლას ახორციელებს და გადაწყვეტილების მიღებისკენ მიბიძგებს. ახლა მხოლოდ ფეხბურთის თამაში მსურს, მაგრამ, როგორც ჩანს, საკუთარი მომავლის გადაწყვეტა მალე მომიწევს".
აღნიშნულზე კომენტარი, "დორტმუნდის" ტექნიკურმა დირექტორმა, სებასტიან კელმაც გააკეთა:
"ახალი არაფერია - მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ერლინგით გაკვირვებული ვარ. მას აუცილებლად ვკითხავ, ასეთი ინტერვიუ რატომ ჩაწერა. ჰოლანდზე არანაირ ზეწოლას არ ვახორციელებთ".
ნორვეგიელი ტალანტით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება - მათ შორის არიან "რეალი" და "ბარსელონა", რომლებიც ფეხბურთელის ზაფხულში გადაბირებას შეეცდებიან.