ჯოშ გიდიმ NBA-ს რეკორდი დაამყარა

03 იანვარი 2022

''ოკლაჰომა სიტი თანდერის'' ფლეიმეიქერი, ჯოშ გიდი NBA-ს რეკორდსმენია. ავსტრალიელმა გამთამაშებელმა დღეს გამთენიისას ''დალასის'' წინააღმდეგ  (95:86) წაგებულ მატჩში 17 ქულა, 14 პასი და 13 მოხსნა მოაგროვა. ამ სტატისტიკით გიდი გახდა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა.

''ინდივიდუალური სტატისტიკა მნიშვნელოვანია. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ასეთ შედეგს აღწევ, თუმცა, გუნდის შედეგი ბევრად მნიშვნელოვანია. ჯობდა, რომ ნული ქულა, მოხსნა და პასი მქონოდა და გუნდს მატჩი მოეგო'' - განაცხადა ავსტრალიელმა.

''თანდერის'' ახალწვეულმა პირველი სამმაგი დუბლის შესრულება 19 წლისა და 84 დღის ასაკში მოახერხა. მან ''შარლოტის'' გამთამაშებლის, ლამელო ბოლის რეკორდი გააუმჯობესა. ბოლმა პირველი სამმაგი დუბლი 19 წლისა და 140 დღის ასაკში გაიფორმა.

ჯოშ გიდი 2021 წლის დრაფტის მე-6 არჩევანია. ის მიმდინარე სეზონში საშუალოდ აგროვებს: 10.8 ქულას, 7.1 მოხსნასა და 6.1 შედეგიან გადაცემას.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები