რაგბი ევროპამ 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა

16 დეკემბერი 2021

რაგბი ევროპამ 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა.

შეგახსენებთ, მომავალი მსოფლიო თასის საგზურს, ევროპის შესარჩევი ზონიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი წლის ჯამით (2021 და 2022 წლები) ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო ფლეი ოფში ჩაერთვება.

მოცემული მომენტისთვის, 5 თამაშიდან 24 ქულით საქართველო პირველია, 14-14 ქულა აქვთ რუმინეთს და პორტუგალიას, 9 რუსეთს, 7 ესპანეთს და 0 ნიდერლანდებს. 2021 წლის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, 18 დეკემბერს ნიდერლანდები ამსტერდამში ესპანეთს მასპინძლობს.

2022 წლის ჩემპიონატში ბორჯღალოსნები სამ თამაშს შინ და ორს სტუმრად გამართავენ. ტურნირი 5 თებერვალს იწყება, 6-ში კი საქართველო პორტუგალიას უმასპინძლებს. 12 თებერვალს გასვლა გვაქვს ნიდერლანდებში, ორი კვირის შემდეგ, 27 თებერვალს კი რუსეთს ვმასპინძლობთ. ტურნირის კიდევ ორ შეხვედრას მარტში გავმართავთ და 12-ში რუმინეთს ვესტუმრებით, 20-ში კი შინ ესპანეთს მივიღებთ.

rugby.ge

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები